ტკივილის და ანალგეზიის ლაბორატორია

ტკივილის და ანალგეზიის ლაბორატორია

ტკივილისა და ანალგეზიის ნეიროფიზიოლოგიის ლაბორატორია დაარსდა 1975 წელს ბ.მ.დ. საურმაგ ბუთხუზის მიერ. დაარსებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ს. ბუთხუზის თანამშრომლობას ჩეხ პროფ. ლადისლავ ვიკლიცკისთან. მათ ერთობლივად გამოიკვლიეს კატებში კბილის პულპის აფერენტების ქერქული (სომატოსენსორული) წარმომადგენლობა (1972) და ყბის გაღების რეფლექსის ქერქული კონტროლის საკითხები (1974). 1970–80–იან წლებში ქრონიკულ ცდებში კატებზე შესწავლილ იქნა ტკივილის ქცევითი, ემოციური, ვეგეტაციური და ბიოელექტრული რეაქციები. მწვავე ცდებში დეტალურად იქნა გამოკვლეული სამწვერა ნერვის ბირთვის ნეირონული პასუხები. კერძოდ, ე. აბზიანიძემ სხვა თანამშრომლებთან (ვ. ბერიშვილი, ლ. ბეღელაძე, ზ. საყვარელიძე) ერთად შეისწავლა ცენტრალური რუხი ნივთიერების, დორსალური ნაკერის ბირთვისა და ლურჯი ლაქის ელექტრული სტიმულაციის გავლენები სამწვერა ნერვის ბირთვის ნეირონებზე. მათ აგრეთვე დაადგინეს ჰიპოთალამუსის სხვადასხვა უბნების ელექტრული სტიმულაციის გავლენები სამწვერა ნერვის ბირთვისა და ცენტრალური რუხი ნივთიერების ნეირონებზე.
 1990–იან წლებში გ. ღურწკაიამ და თ. ლაღიძემ შეისწავლეს ე.წ. ნოციცეპტური და კონვერგენტული ნეირონების თვისებები კატების პირველად სომატო–სენსორულ ქერქში და მათზე ცენტრალური რუხი ნივთიერების, შავი სუბსტანციისა და ლურჯი ლაქის გავლენები. მათ აგრეთვე გამოიკვლეს სომატოსენსორული ქერქისა და თალამუსის სპეციფიკური და არასპეციფიკური ბირთვების ურთიერთობის საკითხები.
 2004 წლიდან ლაბორატორიას სათავეში ჩაუდგა ბ.მ.დ. მერაბ ცაგარელი. მისი ინიციატივით დაიწყო ახალი მიმართულებით მუშაობა – არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო წამლების (ასასწ) გვერდითი მოვლენების კვლევა. მ. ცაგარელის ხელმძღვანელობით ნ. წიკლაურმა შეისწავლა რიგი ასასწ–ბის (ანალგინი, კლოდიფენი, კეტოროლაკი, ქსეფოკამი) მიერ გამოწვეული ტოლერანტობის ეფექტები, მათი სისტემური და ზოგიერთ სტრუქტურაში (ამიგდალას ცენტრალური ბირთვი, წყალსაცავის მიმდებარე უბანი, ნაკერის დიდი ბირთვი, დორსალური ჰიპოკამპი) ინექციებისას. ეს პროცესი წარმოადგენს ნალოქსონ–დამოკიდებულს (მორფინის რეცეპტორების ბლოკატორი), რაც მიუთითებს ასასწ–ბით გამოწვეულ ტოლერანტობაში ენდოგენური ოპიოიდების (ენდორფინები) მონაწილეობაზე. მიღებულ შედეგებს გააჩნიათ გარკვეული მნიშვნელობა სამედიცინო პრაქტიკისთვის აღნიშნული წამლების ხანგრძლივი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით.
 მეორე მიმართულება უკავშირდება ტრანზიტორულ რეცეპტორულ პოტენციალთა არხების (transient receptor potential (TRP) channels) კვლევას. ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და CRDF საგრანტო დაფინანსებით ჩვენ გამოვიკვლიეთ ამ არხების როლი ტკივილის, ტემპერატურისა და მექანიკურ მგრძნობელობაში. ჩვენს მიერ მიღებულ იქნა საინტერესო შედეგები, რომ ამ არხების ეგზოგენური ლიგანდები (დარიჩინის ალდეჰიდი, მენთოლი, მდოგვის ზეთი, კაპსაიცინი) იწვევენ მათ გააქტივებას, ანუ ექსპრესიას. უკანასკნელ წლებში ჩვენ ვსწავლობთ ასასწ –ის გავლენას TRP არხების აქტივაცია/დეაქტივაციაზე. ამდენად, ამ არხების ბლოკატორების სინთეზი და მათი გამოყენება კარგ პერსპექტივებს სახავს კლინიკური პრაქტიკისთვის სრულიად ახალი ტიპის ანალგეტიკების სინთეზისთვის.
 
Pages: 1 2 3 4 5